ევროპელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის წარმომადგენლებმა წამოაყენეს იდეა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისთვის დონბასის გადაცემის სანაცვლოდ — მათ შორის, იმ ტერიტორიებისაც, რომლებსაც კიევი ჯერ კიდევ აკონტროლებს. ამის შესახებ გაზეთმა The Wall Street Journal (WSJ) მოლაპარაკებების მიმდინარეობის საქმის კურსში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

გამოცემის მონაცემებით, ამ იდეას ბოლო თვეების განმავლობაში განიხილავდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. ბოლოს ეს საკითხი გასულ კვირას დუბლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე წამოიჭრა. გარდა ამისა, წინადადება განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ, სულ მცირე, ერთ შეხვედრაზეც, რომელშიც უკრაინელი, ევროპელი და რუსი მომლაპარაკებლები მონაწილეობდნენ.

როგორც WSJ წერს, აშშ-მა ორი შესაძლო სცენარი შესთავაზა. პირველი გულისხმობს, რომ უკრაინა უარს იტყვის დონბასის მის მიერ კონტროლირებად ნაწილზეც, NATO-ში სრულფასოვანი წევრობის სანაცვლოდ. მეორე სცენარი ითვალისწინებს კონფლიქტის გაყინვას ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე, რომლის დროსაც დონბასის ნაწილი კიევის კონტროლის ქვეშ დარჩება. ამ შემთხვევაში უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სთან და, შესაძლოა, ევროპელ მოკავშირეებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიენიჭება.

ამერიკელმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ განიხილება უამრავი იდეა, ხოლო საბოლოო შეთანხმების დასადებად საჭირო იქნება როგორც უკრაინის, ისე რუსეთის თანხმობა.

როგორც WSJ აღნიშნავს, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად სერიოზულად განიხილავს ვაშინგტონი ამ წინადადებას და შეიცვალა თუ არა პოზიცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. გასული წლის დასაწყისში მან უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას რუსეთისთვის მიუღებელი უწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებისას ეს საკითხი განიხილებოდა. მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ იკითხა: "რა მოხდება, თუ უკრაინა NATO-ში შევა? იტყვის თუ არა უკრაინა უარს დონბასზე?" ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების დათმობას, ხოლო ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ხალხის მიერ უნდა იყოს მოწონებული.