ევროკომისია უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარებთან დაკავშირებით ჩვენ, როგორც ევროკომისია, ნათლად ვაცხადებთ, რომ ასეთი ლექსიკა მიუღებელია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ არანაირი მუქარა არ უნდა იყოს.
ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს ყველა მხარესთან. ჩვენი მიზანია, ვაიძულოთ ყველა, რომ დამშვიდდნენ, რიტორიკა შევამსუბუქოთ და ჩემ მიერ ნახსენები მიზნები განვახორციელოთ. კერძოდ, მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა რუსეთზე ზეწოლის მიზნით, რათა დაასრულოს დამპყრობლური ომი, გამოვყოთ სესხი უკრაინისთვის და უზრუნველვყოთ ჩვენი წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკული უსაფრთხოება“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.









