უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ლიდერებს კიდევ ერთხელ მიმართა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვითი პოტენციალი და გამოცდილება, რომელიც ქვეყანამ რუსული აგრესიის მოგერიებისას დააგროვა, NATO-ს უსაფრთხოების გარანტი გახდება.
ზელენსკიმ კატეგორიული შეკითხვა დასვა ალიანსის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით:
"ნუთუ სწორია, NATO-ს გარეთ დარჩეს ქვეყანა, რომელმაც პრაქტიკულად დაამტკიცა თავისი მაღალი თავდაცვითი შესაძლებლობები? ჩვენი ჯარი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ეფექტიანი ევროპაში. უკრაინა არ არის ტვირთი NATO-სთვის, არამედ არის რესურსი, რომელიც NATO-ს კიდევ უფრო გააძლიერებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი სამხედროები იბრძვიან NATO-ს სტანდარტების შეიარაღებით და იცავენ დემოკრატიულ ფასეულობებს, რაც NATO-ს მთავარი მისიაა.
მისი თქმით, ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოება უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია და "ნაცრისფერი ზონების" არსებობა მხოლოდ აგრესორს წაახალისებს.
პრეზიდენტმა პარტნიორებს მოუწოდა, გადალახონ შიში და მიიღონ ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ზელენსკის განცხადებას დასავლურ პოლიტიკურ წრეებში მწვავე დისკუსია მოჰყვა. ნაწილმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის რიტორიკას და აღიარა, რომ უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები მართლაც უნიკალურია. მეორე მხრივ, NATO-ს წევრი ქვეყნების ნაწილი კვლავ სიფრთხილეს იჩენს და აღნიშნავს, რომ გაწევრიანების პროცესი მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.








