უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად, განსაკუთრებით კი Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები, საკმარისი რაოდენობით არ აქვს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში თავდაცვითი სისტემების წარმოების არსებული ტემპი აბსურდულია.

„თავდაცვის საშუალებები, განსაკუთრებით Patriot-ის რაკეტები, არ გვყოფნის. უბრალოდ აბსურდულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმოება ჯერ კიდევ არ არის გაზრდილი იმ დონემდე, რომელიც აუცილებელია ადამიანების ბალისტიკური ტერორისგან დასაცავად,“ – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, უკრაინას თავადაც შეუძლია ამ ტიპის შეიარაღების წარმოება, თუ აშშ შესაბამის ლიცენზიებს გასცემს.

„დიდი ხანია, ვამტკიცებთ და ვაჩვენებთ, რომ ამ კატეგორიის თავდაცვითი იარაღის წარმოება თავადაც შეგვიძლია. თუ უკრაინა აშშ-ისგან Patriot-ის სისტემების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ჩვენი წარმოება საკმარისი იქნება არა მხოლოდ უკრაინის დასაცავად, არამედ იმ პარტნიორების დასახმარებლადაც, რომლებსაც ეს სისტემები სჭირდებათ,“ – აღნიშნა მან.

ზელენსკი ასევე გამოეხმაურა რუსეთის ბოლო მასშტაბურ საჰაერო იერიშს და განაცხადა, რომ თავდასხმას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, 90 კი დაშავდა.

„მხოლოდ ამ მასშტაბური თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ამ დროისთვის ეს არის არსებული მონაცემები. თითქმის 90 ადამიანი დაშავდა. მთავარი სამიზნე ამჯერად კიევი და მისი შემოგარენი იყო. პუტინმა კიდევ ერთხელ დაარტყა ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კიევის მახლობლად, ვიშნევეში.”-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.