უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას აშშ-ის სამხედროების უკრაინაში განთავსების თაობაზე.
კერძოდ, პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ან შეხების ხაზზე ჯარების გაგზავნას სავარაუდოდ, დათანხმდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა ასეთი ნაბიჯისთვის და აღნიშნა, რომ ამგვარ ინფორმაციას თავად ამერიკელები უნდა ავრცელებდნენ.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს შეიძლება, დაადასტუროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ეს არის შეერთებული შტატების ჯარები და ამიტომ სწორედ ამერიკა იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს“, – უპასუხა ზელენსკიმ. თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად განიხილება.
„უდავოა, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, როგორც პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლებთან, ჩვენ გვსურს ეს. ეს ძლიერი პოზიცია იქნებოდა უსაფრთხოების გარანტიებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი კოლეგა მას დაჰპირდა საჰაერო საშუალებებით დახმარებას. ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე მათ განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.
„ძალიან მჭირდება საჰაერო თავდაცვა. მე ძალიან მჭირდება NASAMS-ის რაკეტები. ძალიან მჭირდება PAC-3-ის რაკეტები „პეტრიოტებისთვის“ და არ მსურს, საჯაროდ ვისაუბრო, რა ვითარება გვაქვს ახლა, მაგრამ მე ეს ვაჩვენე, დემონსტრირება გავუკეთე ამერიკულ მხარეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპი მას ამ მიმართულებით დახმარებას შეჰპირდა.
„ამისთვის მისი მადლობელი ვარ. შესაბამისი დოკუმენტები, რა გვჭირდება და როგორ, ყველაფერი გადავეცი. ცალკე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი ეს შევიძინოთ PURL პროგრამის მეშვეობით. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპელებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, რადგან რუსეთი არ წყვეტს თავის დარტყმებს.
თარგმანი: პირველი არხი








