უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის იარაღის მიწოდება PURL-ის პროგრამის ფარგლებში უწყვეტად გრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ მიუღია უკრაინას სიგნალები აშშ-ის იარაღის მიწოდების შესაძლო შეფერხებაზე ან შეწყვეტაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ზელენსკიმ უპასუხა:
"რაც შეეხება აშშ-დან იარაღის მიწოდებას, ის არ შეჩერებულა. ამისთვის პარტნიორებს მადლობელი ვარ".
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობაა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანია დათანხმდა Patriot-ის სისტემებისთვის რამდენიმე ასეული რაკეტის დაფინანსებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება სრულად ვერ ფარავს უკრაინის ტაქტიკურ საჭიროებებს.
"რაც შეეხება PURL-ს, დეფიციტია. საჰაერო თავდაცვა საკმარისი არ არის. ახლახან გავაფორმეთ ძლიერი პაკეტი გერმანიასთან, მაგრამ იქ ვადები ისეთია, რომ სტრატეგიულად გვაძლიერებს, ხოლო ტაქტიკური დეფიციტი სხვა გზებით უნდა შევავსოთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.








