უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა და სამივე მათგანი „ძალიან შინაარსიანი“ იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზელენსკიმ იხუმრა, რომ სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ჩასვლამ „პეტრიოტის” სისტემებზე უკეთ იმუშავა“ და გამოთქვა სურვილი, რომ ისინი უკრაინაში უფრო ხშირად ჩავიდნენ, რათა უკრაინელებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, „ცოტა ხნით მაინც იცხოვრონ“ რუსეთის იერიშების გარეშე.

„პეტრიოტებზე ხანდახან შეიძლება ხუმრობა, მაგრამ, ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ომი ზამთარში თუ გაგრძელდება, და ამ ეტაპზე სწორედ ასე ჩანს, ჩვენ ძალიან ველოდებით „ზამთრის პაკეტს“, რომელიც დღეს დეტალურად განვიხილე სტივთან, ჯარედთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემების, ენერგეტიკული მხარდაჭერისა და ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის გამოყენების შესაძლებლობების მიღების იმედი აქვს.

„აქტუალური რჩება ტერიტორიული საკითხიც. ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით, მაგრამ ამის შესაძლებლობა გვქონდა და ეს საკითხიც განვიხილეთ. მე კვლავ იმ აზრზე ვრჩები, რომ ასეთი რთული საკითხები მხოლოდ ლიდერების დონეზე წყდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური გარანტიები, უკრაინის აღდგენა და ქვეყნისთვის „კეთილდღეობის გეგმა“.

„ჩვენ გვესმის, როგორი უნდა იყოს ჩვენი არმია – ის ძლიერი უნდა იყოს და ეს ჩვენთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტიებია. ამ ყველაფრისთვის რესურსებია საჭირო. თქვენ ეს შესანიშნავად გესმით, ჩვენ ყველას გვესმის. ამიტომ გარანტიები უნდა იყოს ძლიერი, მკაფიო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების წარმომადგენლებთან კიევში გამართული მოლაპარაკებების დროს შემდგომი მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი იდეა გაჩნდა.

„როგორც გითხარით, ჩვენ შევხვდით და, ვფიქრობ, უახლოეს კვირებში ჩვენ – უკრაინას, ამერიკასა და ევროპას შესაძლებლობა გვექნება, განვიხილოთ გარკვეული დეტალები, რომლებზეც დღეს ხმამაღლა საუბარი არ მინდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მთავარი მიზანი შედეგის მიღწევა და კონკრეტული შეთანხმებების მომზადებაა.

„გვინდა, რომ შედეგი იყოს, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და კონკრეტული. იყო რამდენიმე, ნამდვილად ახალი იდეა. ჩვენ ისინი განვიხილეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა ამ იდეების დეტალური ანალიზი და იმის გარკვევა, „რა დეტალებია საჭირო, რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და დაგვაახლოებს თუ არა ეს მშვიდობასთან.”

ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ამერიკული დელეგაციის მიზანი, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევსა და მოსკოვს ესტუმრა, მხარეების დაახლოება იყო.

უიტკოფმა აღნიშნა, რომ ომის მსგავს საკითხებში ურთიერთობები კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

„ორივე მხარესთან ურთიერთობა თუ არ გაქვთ და კომუნიკაცია ცუდად არის აწყობილი, მაშინ, სავარაუდოდ, ძალიან, ძალიან მცირე შანსი გაქვთ, მიაღწიოთ მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა უიტკოფმა.

მისივე თქმით, უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

„ორივე მხარე უნდა მივიდეს შეთანხმებამდე და ჩემი, ისევე როგორც ჯარედის, ამოცანა იყო მხარეების დაახლოება, მათ შორის არსებული უთანხმოებების შემცირება, ეფექტური საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება და, იმედია, ჩვენ ბოლო 48 საათის განმავლობაში ამ პროცესს კონსტრუქციულად ჩავუყარეთ საფუძველი და დარწმუნებული ვართ, რომ აქ წარმატებული გამოსავალი მოიძებნება“, – განაცხადა უიტკოფმა.

ამასთან, ჯარედ კუშნერმა ასევე ისაუბრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ. კუშნერმა პუტინთან გამართული შეხვედრა „ძალიან კონსტრუქციულ და შინაარსიან“ შეხვედრად შეაფასა. მისივე თქმით, პუტინთან შეხვედრისას „მრავალი იდეა“ განიხილეს, რომლებიც აქამდე შედეგიანი არ აღმოჩნდა.

კუშნერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ის და უიტკოფი პროდუქტიულად მიიჩნევენ, „სამმხრივ ფორმატზე დაბრუნებაა“.

„ჩვენ უკვე ორივე მხარესთან ვისაუბრეთ, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ. ჩვენ წამოვაყენეთ არაერთი ახალი იდეა, რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლება, სასარგებლო იყოს ამ პროცესისთვის და, იმედია, შევძლებთ მათ განვითარებას“, – აღნიშნა კუშნერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა აშშ შესაძლებლად რუსეთ-უკრაინის ომის ზამთრამდე დასრულებას, კუშნერმა უპასუხა, რომ უკრაინაში ომის ზამთრამდე დასრულება გარანტირებული არ არის, თუმცა „ამერიკული მხარე ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი პირობების შექმნაზე მუშაობს“.

„ეს ძალიან, ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ვცდით. ვფიქრობ, თუ ამას შევძლებთ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მივაღწევთ ამას, მაგრამ მცდელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა კუშნერმა.