The Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 1-ელი დეკემბრის ღამეს ამოუცნობმა "სამხედრო სტილის" დრონებმა ფრენის აკრძალვის ზონა დაარღვიეს და დუბლინის აეროპორტის სიახლოვეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიისკენ გაფრინდნენ.
გამოცემის ცნობით, ზელენსკის თვითმფრინავი აეროპორტში დაგეგმილ დროზე ადრე დაეშვა, სანამ ადგილობრივი დროით 23:00 საათზე აღნიშნული ინციდენტი მოხდებოდა.
Journal წერს, რომ ოთხმა ამოუცნობმა დრონმა სწორედ იმ ადგილამდე მიაღწია, სადაც, განსაზღვრული ფრენის ტრაექტორიის მიხედვით, ზელენსკის თვითმფრინავის გადაფრენა იყო მოსალოდნელი.
წყაროების თქმით, დრონები დუბლინის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აფრინდნენ და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დაფრინავდნენ. ამასთან, მიმდინარეობს გამოძიება, რათა განისაზღვროს, საიდან მოხდა დრონების გაშვება: "ხმელეთიდან თუ შეუმჩნეველი გემიდან".
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაუშვა და ვინ აკონტროლებდა ამ დრონებს. Journal-ის ინფორმაციით, ირლანდიის ეროვნული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის კომისარს, ჯასტინ კელის ინციდენტის შესახებ 2 დეკემბერს, დილის საათებში, აცნობეს. ინციდენტის შესახებ ასევე შეატყობინეს ქვეყნის პრემიერმინისტრს და იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებსაც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ესაუბრა თუ არა ირლანდიის ხელისუფლება ინციდენტთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს.
Journal-ის მიხედვით, ირლანდიის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ირლანდიის ზღვის თავზე მფრინავი დრონები იყვნენ დიდი ზომის, ძალზე ძვირად ღირებული და სამხედრო დანიშნულების. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ინციდენტი შესაძლოა, ჰიბრიდულ თავდასხმად კლასიფიცირდეს.
გამოცემა ასევე წერს, რომ ზელენსკის თვითმფრინავთან დროში აცდენის შემდეგ, დრონებმა ყურადღება ირლანდიურ სამხედრო გემზე LÉ William Butler Yeats გადაიტანეს, რომელიც დუბლინის სიახლოვეს იყო განთავსებული. გამოცემის ცნობით, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ დრონები არ ჩამოეგდოთ, ხოლო გემს არ გააჩნდა დრონების გათიშვის უნარი.




