რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. გაწვევა 1-ელი აპრილიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება და გამოიძახებენ 150 000 ადამიანს.
1-ელი იანვრიდან მიღებული ახალი კანონის შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 18-დან 30 წლამდეა. თუმცა, ცვლილების თარიღის გათვალისწინებით, არ გაიწვევენ მათ, ვინც 2023 წელს გახდა 27, 28 ან 29 წლის.
2023 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს წინადადებით, ქვეყანაში გაწვევის ასაკობრივი ზღვარი შეიცვალა. ამას გარდა, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დააკანონა ელექტრონული გამოძახების სისტემა და "მოქალაქეებს, რომლებიც ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას", მოწვევის მიღების შემდეგ ქვეყნის დატოვება აუკრძალა.