გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები და შემზღუდავი ზომები მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით მოსკოვის გავლენებისა და მოქმედების არეალის მინიმუმამდე დაყვანას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ეს ზომები წარმოადგენს ადეკვატურ პასუხს რუსეთის მხრიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებსა და მტრულ კურსზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა:
"ჩვენი გზავნილი რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ მკაფიოა: ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსულმა თავდასხმებმა ჩვენი საზოგადოება გახლიჩოს ან დაგვაშინოს. გერმანია არ არის რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამხედრო სამიზნეა".
მიღებული პაკეტის ფარგლებში იხურება ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო, ასევე წყდება ხელშეკრულება ბერლინში მდებარე ე.წ. "რუსულ სახლთან" დაკავშირებით, რომელიც, მთავრობის შეფასებით, აღარ ასრულებს თავის პირვანდელ კულტურულ დანიშნულებას.
გერმანია ამკაცრებს ვიზიტორთა კონტროლს და ზრდის ზეწოლას რუსულ ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტზე".
როგორც ოფიციალურმა ბერლინმა აღნიშნა, აღნიშნული ნაბიჯები აუცილებელია გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოების დასაცავად.




