რუსეთის ფედერაციის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
"თარიღიც იქნება. ცხადია, რომ ეს 4 ნოემბრის შემდეგ იქნება", - ხაზგასმით აღნიშნა უშაკოვმა. მისი თქმით, ეს საკითხი ასევე იქნება დამოკიდებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე და ზოგადად, სიტუაციაზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის სიტყვების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ სამმხრივი კონსულტაციები, შესაძლოა, 4 ნოემბერს გაიმართოს, რუსეთის ლიდერის თანაშემწემ აღნიშნა: "ჯერჯერობით ჩვენ არანაირი სიგნალები არ გადაგვიცია". "რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა მოგვიანებით გამოცხადდება. ბირთვი გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ შემადგენლობა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში განისაზღვრება", - აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნოემბერში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა კიევს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რომლის მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში სამმხრივ ფორმატში მხარეებმა ასევე განიხილონ ლიდერების დონეზე ახალი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა.
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა მანამდე დახურული მოლაპარაკებების ორი რაუნდი აბუ-დაბიში გამართეს. პირველი 23-24 იანვარს, მეორე კი - 4-5 თებერვალს შედგა. 5 თებერვალს კიევმა და მოსკოვმა ტყვეთა მორიგი გაცვლა შეათანხმეს. მხარეების განცხადებების მიუხედავად პროგრესის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზაზე გარღვევა მიღწეული არ ყოფილა.




