დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გარშემო სამყარო სწრაფად იცვლება, რაც ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უფრო მტკიცე პარტნიორობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

მისი თქმით, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ერთმანეთის წარმატება აინტერესებთ და ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ეს სიახლოვე საერთო ძალად და კეთილდღეობად აქციონ.

ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს სტუდენტები კვლავ „მიიღებენ მონაწილეობას Erasmus+-ის პროგრამაში“. მისი თქმით, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაასრულეს მოლაპარაკებები ახალგაზრდების მობილობის სქემასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ეს სქემა 100 000 ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, სამ წლამდე დრო გაატარონ „ერთმანეთის ქვეყნებში“, სადაც ისინი შეძლებენ მუშაობას, მოგზაურობას, სწავლასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს გეგმა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახალგაზრდები „განსაზღვრავენ მომავალს“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დასრულდა მოლაპარაკებები სასურსათო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე.

„ეს დიდი წარმატებაა. ეს ორმხრივი პროცესია“, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი და აღნიშნავს, რომ, შედეგად, მომხმარებლებისთვის ხარჯები შემცირდება.

ასევე დასრულდა მოლაპარაკებები ნახშირბადის ბაზრების დაკავშირების თაობაზე. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას და ინვესტიციების მოზიდვას უფრო სუფთა ინდუსტრიებში. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ნიშნავს „იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე გადაჭარბებული დამოკიდებულების“ შემცირებას. ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი იწყებენ დიალოგს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, რათა უკეთ დაიცვან მომარაგების საკვანძო ჯაჭვები. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სავაჭრო ბლოკი და გაერთიანებული სამეფო ასევე იწყებენ ციფრულ პარტნიორობას და „ერთობლივი ინოვაციების შექმნის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ“.

ფონ დერ ლაიენმა მაგალითებად ისეთი სფეროები დაასახელა, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური ტექნოლოგიები.

„ჩვენ ვაძლიერებთ საერთო უსაფრთხოებას. გუშინ ჩვენ შევხვდით ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე, სადაც ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროპის ერთიანობას და სიძლიერეს. ჩვენ დავასრულებთ რუსეთის აგრესიულ ომს ერთიანობით და სიძლიერით. ომის შემდეგ შევინარჩუნებთ მშვიდობას მხოლოდ ევროპული ერთიანობით და სიძლიერით. ბოლო ხუთმა წელიწადმა გვაჩვენა ევროპული ერთიანობა და სიძლიერე და ეს განსაკუთრებით ევროკავშირს და ბრიტანეთს ეხება. უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ჩვენ თანამშრომლობა გვაძლევს ძლიერ საფუძველს. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ თავდაცვით შესაძლებლობებზე და სამხედრო მობილურობაზე და უკეთესად დავიცავთ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვხსნით გზას ბრიტანეთის მონაწილეობისთვის ჩვენი სამოქალაქო უსაფრთხოების და თავდაცვის მისიებში და ჩვენ ასევე გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჰიბრიდული საფრთხეების, ჰიბრიდული თავდასხმების და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი დემოკრატიები. ჩვენ შევებრძოლებით უკანონო მიგრაციას. გვაქვს ლა-მანშის არხთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რაც მოგვცემს ცხად საფუძველს ერთობლივი მოქმედებისთვის, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის და ბრიტანეთის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.