უნგრეთის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთი ქვეყნის, ევროპისა და გლობალური წესრიგის წინაშე არსებულ საფრთხედ გამოაცხადა. ეს ნაბიჯი წარმოადგენს ვიქტორ ორბანის მრავალწლიანი პრორუსული კურსის სრულ უარყოფას და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის რადიკალურ ცვლილებას. 

ახალი პოზიცია ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის სესიისთვის მომზადებულ დირექტივებში, რომლებიც ქვეყნის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნდა. დოკუმენტში მკაფიოდ არის განსაზღვრული ოფიციალური ბუდაპეშტის ახალი მიდგომები.

"უნგრეთი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღიარებს უკრაინის თავდაცვის უფლებას.

რუსეთის ქცევა საფრთხეს უქმნის უნგრეთს, ევროპასა და გლობალურ წესრიგს, აგრეთვე სერიოზულ საფრთხეში აგდებს კარპატების რეგიონში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობასაც".

ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ისეთი მოლაპარაკებებისკენ, რომლებიც უზრუნველყოფს "ხანგრძლივ მშვიდობასა და უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს".

წლების განმავლობაში, ვიქტორ ორბანის პრემიერობის პერიოდში, უნგრეთი ევროკავშირში ხშირად აბრკოლებდა ან ასუსტებდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და ბლოკავდა კიევისთვის მხარდამჭერ პაკეტებს, რამაც ქვეყნის იზოლაცია გამოიწვია.  

პეტერ მადიარის მოსვლამ ძალაუფლებაში საფუძვლიანად შეცვალა ვითარება: ახალმა მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღსადგენად, მოაგვარა ორმხრივი დავა უკრაინასთან უნგრული უმცირესობის უფლებების შესახებ და კურსი ევროატლანტიკური ერთიანობისკენ აიღო.