ვოლოდიმირ ზელენსკის შეიარაღებული ძალების ზოგიერთ სარდალთან ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით აქვს ურთიერთობა, რაც არმიის მთავარსარდლისთვის ხელის შემშლელია. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Українська правда ავრცელებს.
გამოცემის წყარო ზელენსკის გარემოცვაში ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის 2 ტიპის შეიარაღებული ძალები არსებობს: "'კარგი', რომელსაც ხელმძღვანელობს სირსკი და სხვა ფავორიტები და 'ცუდი', რომელიც ზალუჟნის ემორჩილება. ეს ძირს უთხრის მთავარსარდლის მოტივაციას და რაც მთავარია ხელს უშლის მას მუშაობაში."
გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთების სარდლებთან ურთიერთობისთვის ზალუჟნისგან დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ხაზი აქვს. მათ შორის საუბარია, ЗСУ-ს სახმელეთო ძალების სარდალზე, ალექსანდრ სირსკიზე და საჰაერო ძალების მეთაურზე, მიკოლა ოლეშუკზე.
პირდაპირი კონტაქტი პრეზიდენტისთვის სამუშაო პროცესს აჩქარებს, თუმცა ართულებს ზალუჟნის მდგომარეობას, რომელიც სიახლეებს ფორმალურად დაქვემდებარებულებისგან მხოლოდ საერთო შეხვედრებზე იგებს.
ზელენსკის ამგვარი მიდგომის გამოხატულება იყო სამხედრო კომისრების დათხოვნის გადაწყვეტილება, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებები ჩინოვნიკების გამდიდრების შესახებ. სკანდალის შემდეგ ზელენსკიმ უკრაინის ყველა სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელის დათხოვნა მოითხოვა.
წყაროს ცნობით, კომისრების დათხოვნის შემდეგ გამართულ ომის კაბინეტის შეხვედრაზე ზალუჟნიმ განაცხადა, რომ კორუფციის თემა მნიშვნელოვანია, თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ კომისრების მასობრივი გათავისუფლების შემდეგ მობილიზაციის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა.
ამგვარი ეფექტი ჰქონდა პრეზიდენტის ოფისში მიღებულ სხვა საკადრო გადაწყვეტილებებსაც, მათ შორის სპეციალური ძალების მეთაურის, ვიქტორ ხორენკოსა და სამედიცინო ძალების მეთაურის, ტატიანა ოსტაშენკოს გათავისუფლებას. ამავე ტიპის პროცესად განიხილება გაერთიანებული ძალების მეთაურის სერგეი ნაევის შესაძლო გადაყენებაც.