უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, აღკვეთეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე სავარაუდო თავდასხმა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ზელენსკის მკვლელობა მისი ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას იგეგმებოდა.

უწყების ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი დააკავა. რომელიც ზელენსკის ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა. მათ შორის ზელენსკის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტს.

ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქალი ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას ცდილობდა „რუსი კურატორების“ დავალებით.

უკრაინული გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ქალი ოჩაკოვის მკვიდრია. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას ის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა და იღებდა უკრაინული ობიექტების მდებარეობას.

ქალი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემისას „ცხელ კვალზე“ დააკავა. მას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-2 მუხლით წაუყენეს რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს.

ქალს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მას თავისუფლების 12 წლით აღკვეთა ემუქრება. ამასთან გამოძიების პროცესში შეიძლება ბრალდება შეიცვალოს.