უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ალექსეი რეზნიკოვმა თავისი მოადგილის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და შესაბამისი მიმართვა მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა.

ვიაჩესლავ შაპოვალოვი შეიარაღებული ძალების ზურგის ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი.

მანამდე დაკავებული თანამდებობები დატოვეს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ. ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დააანონსა.