„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ეუთო) 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ, დაგმო უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ესხმის თავს, რამაც შედეგად გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, საცხოვრებელი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი განადგურება და ელექტროენერგიის გათიშვა ქვეყნის უმეტეს რეგიონში.
განცხადების თანახმად, მათ ცალკე მიუთითეს, რომ რუსული თავდასხმების სამიზნეებია ელექტროინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებსაც „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო“ ბირთვული დანადგარების გარე ენერგომომარაგების მთავარ ფაქტორად განსაზღვრავს.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სისტემატურ თავდასხმებს. მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების უკანონო მიზანში ამოღება წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, კერძოდ, ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული პრინციპის დარღვევას და შესაძლოა, ომის დანაშაულს წარმოადგენდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს განცხადება გაკეთდა შემდეგი მონაწილე სახელმწიფოების სახელით: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.




