უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევსა და მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

პრემიერის თქმით, კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი. დღევანდელ ვიზიტს როგორც ინდოეთის, ისე უკრაინის ლიდერებმა ისტორიული უწოდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნარენდრა მოდისთან საუბრისას უკრაინის რიგით მეორე სამშვიდობო სამიტში ინდოეთის მონაწილეობის საკითხიც წამოჭრა. ინდოეთი ესწრებოდა პირველ სამიტსაც, თუმცა შემაჯამებელი კომუნიკესთვის ხელი არ მოუწერია.

ამასთან, ლიდერებმა ხელი მოაწერეს ოთხ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, მათ შორის მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში. მანამდე კი ნარენდრა მოდიმ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დროს დაღუპული ბავშვების მემორიალს პატივი მიაგეს.

ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ვიზიტამდე პოლონეთში იმყოფებოდა. რამდენიმე კვირის წინ კი ინდოეთის პრემიერი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნარენდრა მოდის რუსეთში ვიზიტი „იმედგაცრუებად“ შეაფასა.