ევროკავშირი ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალ, მაღალი დონის სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელშიც სრულფასოვან მონაწილეობას უკრაინაც მიიღებს. 

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიაში გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ახალი ჯგუფი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება.  

სამუშაო ჯგუფში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები გაერთიანდებიან. მისი მთავარი მიზანი ევროპის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ პრაქტიკული გადაწყვეტილებების ძიება და რეკომენდაციების შემუშავება იქნება.  

როგორც ევრო დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკრაინა "მსოფლიო ლიდერია ბრძოლის ველზე ინოვაციების კუთხით". მისივე თქმით, უკრაინულ და ევროპულ თავდაცვით კომპანიებს შორის უკვე 120-ზე მეტი პარტნიორობა არსებობს და სამხედრო მრეწველობის შემდგომი ინტეგრაცია ორივე მხარის ინტერესებში შედის.  

ახალი პლატფორმა მიზნად ისახავს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევას და უკრაინის უნიკალური საბრძოლო გამოცდილების გაზიარებას ევროპული თავდაცვის არქიტექტურისთვის.