უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ 28 აპრილს, უკრაინაში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მიხაილ ბროდსკის გადაეცა საპროტესტო ნოტა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ამ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უკანონო ექსპორტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„ზუსტად არის დადგენილი ამ მარცვლეულის წარმოშობა და მისი დამალვის სქემები, კერძოდ, შავ ზღვაში გემიდან გემზე გადაზიდვის. ეს კარგად არის ცნობილი, მათ შორის, ისრაელის ხელისუფლებისთვისაც. ამის მიუხედავად, შესაბამისი ტვირთი კვლავაც შედის ისრაელის პორტებში და შედის კომერციულ მიმოქცევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ტიხის თქმით, ისრაელი უგულებელყოფს უკრაინის მოთხოვნებს საერთაშორისო იურიდიული დახმარების შესახებ, მათ შორის გემებისა და ტვირთის დაკავების თხოვნის შესახებ, რითაც, ფაქტობრივად, ქმნის პირობებს მოპარული უკრაინული მარცვლეულის ლეგალიზაციისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს არის არა იზოლირებული შემთხვევები, არამედ უკრაინის ტერიტორიების დროებით ოკუპაციასთან, ასევე, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული უკანონო ეკონომიკური საქმიანობის განზრახ ხელშეწყობა.
ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელის საგადასახადო სამსახურმა გამოძიება დაიწყო იმ გემთან დაკავშირებით, რომელიც ჰაიფას პორტში უნდა შევიდეს და რომელსაც უკრაინა „მოპარული მარცვლეულის“ გადამზიდად მიიჩნევს.
მისი თქმით, გემი ჰაიფას პორტში ჯერ არ შესულა.
„გემი პორტში ჯერ არ შესულა და ჯერ არც დოკუმენტები წარუდგენია. შეუძლებელია უკრაინის ბრალდებების სისწორის გადამოწმება ტვირთის დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიდეონ საარმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა, სადაზვერვო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს სანქციების შესაბამის პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც ამ მარცვლეულის უშუალოდ ტრანსპორტირებას, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ცდილობენ დანაშაულებრივი სქემიდან მოგების მიღებას. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ზელენსკის განცხადებას „ტვიტერის დიპლომატია“ უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას ტვირთის შიგთავსის შესახებ ინფორმაცია არ წარუდგენია.










