აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში, G7-ის სამიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს 10-წლიან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რათა გააძლიერონ კიევის თავდაცვის შესაძლებლობები. იუწყება Reuters
შეთანხმება, უნდა იყოს ნაბიჯი უკრაინის „NATO-ში მომავალი წევრობისკენ“. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას კიევისადმი მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
„უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორივე მხარე აღიარებს, რომ უკრაინას სჭირდება მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, ძლიერი შესაძლებლობები და მუდმივი ინვესტიციები მის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში, რომელიც დააკმაყოფილებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს“, - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.
შეთანხმებით ასევე გამყარებულია შეერთებული შტატების განზრახვა უზრუნველყოს გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, ტექნიკური, დაზვერვის, უსაფრთხოების, თავდაცვის ინდუსტრიული, ინსტიტუციური და სხვა მხარდაჭერა "უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების განვითარებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა და შეაკავონ მომავალი შესაძლო აგრესია“.
უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები, ხელშეკრულების თანახმად, შეხვდებიან 24 საათის განმავლობაში კონსულტაციებისთვის და განსაზღვრავენ რა დამატებითი თავდაცვა დასჭირდება უკრაინას.