TUT.by იძულებული გახდა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოქვეყნებული ყველა პოსტი წაეშალა
1624876353
ბელარუსული ოპოზიციური პორტალი Tut.by, რომელიც მაისიდან ხელისუფლების მხრიდან ბლოკირებისა და აღჭურვილობის წართმევის გამო მხოლოდ სოციალურ ქსელებში მუშაობს, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გამოქვეყნებული ყველა პოსტი წაშალა.
"მკითხველი ბევრს გვეკითხება, სად გაქრა 2020 წლისა და 2021 წლის პირველი ნახევრის პუბლიკაციები. ჩვენ პუბლიკაციები ჩვენი სოციალური ქსელებისა და საიტის წინააღმდეგ "ექსტრემიზმის" მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში წავშალეთ. ეს ჩვენი მკითხველებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით გავაკეთეთ", - აღნიშნეს Tut.by-ში.
ამასთან, პორტალმა უარი თქვა "ტელეგრამში" ვერიფიკაციის ნიშანზე, რომელიც 2020 წლის აგვისტოში მიიღო.
შეგახსენებთ, 18 მაისს ბელარუსული ოპოზიციური პორტალის Tut.by საიტი დაიბლოკა, ოფისსა და თანამშრომლების სახლებში კი ჩხრეკა ჩატარდა. ჟურნალისტებს გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.
ივნისში გაიმართა სასამართლო, რომელზეც Tut.by ექსტრემისტული მასალების გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს.




