უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა 15 მაისს თურქეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა და მათთან რუსეთთან მოლაპარაკებების კუთხით მომდევნო ნაბიჯები განიხილა.
"ანტალიაში მარკო რუბიოსა და ლინდსი გრემს შევხვდი, რათა მათთვის გამეზიარებინა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვა სამომავლო სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ და პოზიციები შეგვეთანხმებინა ამ გადამწყვეტ კვირაში. დეტალურად განვიხილეთ მომდევნო ნაბიჯების ლოგიკა და ერთმანეთს ჩვენი მიდგომები გავუზიარეთ". - წერს სიბიგა X-ზე.
სიბიგას თქმით, მან აშშ-ს დელეგაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის "მტკიცე და თანმიმდევრული" ერთგულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ და აშშ-ს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
"გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ რუსეთმა უკრაინის კონსტრუქციულ ნაბიჯებს უპასუხოს. ჯერჯერობით, ეს არ გაუკეთებია. მოსკოვმა უნდა გაიგოს, რომ მშვიდობის უარყოფას ფასი აქვს". - დაამატა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.