თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები მიუღებელია და გააფრთხილა „ყველა დაინტერესებული მხარე“ მას შემდეგ, რაც, როგორც ვარაუდობენ, საზღვაო დრონებით თავს დაესხნენ ტანკერს თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან , - იუწყება „როიტერი“. 

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა აშკარად დაიწყო საფრთხის შექმნა შავ ზღვაში გადაზიდვების უსაფრთხოებისთვის. პარასკევს ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში გემებზე თავდასხმა საგანგაშო ესკალაციის ნიშანია“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს და დასძინა:

„ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია ამ თავდასხმების გამართლება. ჩვენ ვაძლევთ საჭირო გაფრთხილებებს ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია ასეთ ინციდენტებში“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ესტონეთის ნაციონალურ რადიო არხ Vikerraadio-ს პროგრამა Välistund-ს სტუმრობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაჰკნა, რომელსაც წამყვანმა, ინდრეკ კიისლერმა, ჰკითხა, მისცა თუ არა ესტონეთმა უკრაინელებს სიგნალი, თავი შეეკავებინათ ბალტიის ზღვაში მსგავსი თავდასხმებისგან.

„რუსული გაზისა და ნავთობის დაახლოებით 60% ექსპორტირება ფინეთის ყურის გავლით ხდება და ეს უზარმაზარ ტვირთად რჩება დაახლოებით ექვსი საზღვაო მილის სიგანის კორიდორისთვის. ჩვენ არ გვითქვამს: „აქ არ შეხვიდეთ“, მაგრამ არ იქნებოდა გონივრული, თუ უკრაინა რუსეთის ხომალდებს ბალტიის ზღვაში შეუტევდა, რადგან ამან შეიძლება სერიოზულად გაამწვავოს სიტუაცია ბალტიის ზღვაში“, - უპასუხა ცაჰკნამ.