ფილიპინების დედაქალაქ მანილას გარეუბან მანდალუიონგის მერიამ კოღოების დაჭერისთვის გასამრჯელო დააწესა და კოღოების ჩამბარებელი პუნქტები გახსნა.
მანდალუიონგის მმართველთა მიერ კოღოების წინააღმდეგ უჩვეულო სტრატეგიული მეთოდით ბრძოლა იმ შეშფოთების გამომხატველია, რაც ფილიპინებზე დენგეს ციებ-ცხელების შემთხვევების მკვეთრ მატებით არის გამოწვეული.
ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში დენგეს ციებ-ცხელების 28 234 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია. მანდალუიონგის მერის თქმით, გასამრჯელოს დაწესების და კოღოების ჩამბარებელი პუნქტების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთან შემთხვევათა რაოდენობა 42-მდე ავიდა და დენგეს ვირუსით დაავადებული 2 სტუდენტი გარდაიცვალა.
კამპანიის გამოცხადებისთანავე გაჩნდნენ კოღოებზე მონადირეები. ერთ-ერთმა პირველმა, 64 წლის მიგელ ლაბაგმა ჩამბარებელ პუნქტში მიიტანა ქილა, რომელშიც მის მიერ წყალსატევში დაჭერილი კოღოს ჭუპრები იყო. მან გასამრჯელოს სახით მიიღო 9 პესო (1 პესო 5 კოღოზე/ჭუპრზე), რაც 15 ცენტის (42 თეთრის) ტოლია.
„არაა ურიგო თანხა. ამით ყავა შემიძლია ვიყიდო“ - ღიმილით ამბობს მიგელ ლაბაგი.
კრიტიკოსები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ სტრატეგიამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს თუ სასოწარკვეთილი ხალხი გასამრჯელოს მიღების იმედით კოღოების მოშენებას დაიწყებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ინფიცირების შემთხვევების რიცხვის შემცირების შემდეგ კამპანია დასრულდება.