წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, რიტუალისთვის პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა.

ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება განლაგებული, რომელთა მთავარი ამოცანა უსაფრთხოების დაცვაა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, როგორც იცით, ისრაელი იყო ირანის რეჟიმის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების იერიშის ქვეშ. დღეს კი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც შეზღუდულ ფორმატში უნდა გამართულიყო, სრული მასშტაბით იმართება. ისრაელის პოლიცია კვირების განმავლობაში გადიოდა მზადებას ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით. ადგილზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება, რომლებიც აქ მყოფებს დაიცავენ და უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ღონისძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს და ყველამ ისიამოვნოს“, – აცხადებს ისრაელის პოლიციის წარმომადგენელი დინ ელსდანი.

ცნობისთვის, წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება, ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.