აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყნის შიგნით არსებული სერიოზული კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს კვლავ თავისი მეგობარი უწოდა. Truth Social-ში ტრამპმა, 21 ნოემბერს, მათი ხელის ჩამორთმევის ფოტო გამოაქვეყნა. სურათს თან ახლავს წარწერა: "ჩემი მეგობარი".

ტრამპის ქცევამ მიმდინარე კვირას ჩინეთის ქალაქ შენჯენში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მაშინ რესპუბლიკელმა კრემლის ხელმძღვანელს მეგობარი უწოდა და მას თბილად მიესალმა.

პრეზიდენტის განცხადებებს რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გაემიჯნა. ინდიანას შტატის სენატორმა ჯიმ ბენქსმა ტრამპს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიმართ სიმტკიცის გამოჩენისკენ მოუწოდა. "პრეზიდენტმა იცის, რომ ჩინეთი და რუსეთი ჩვენი მეგობრები არ არიან", — განაცხადა მან. ფლორიდის სენატორმა რიკ სკოტმა კი, ტრამპის სიტყვების კომენტირებისას, პუტინს ნაძირალა უწოდა.

20 ნოემბერს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს, მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თითქმის ხუთწლიანი აგრესიული ომისა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პუტინს ასევე ამერიკის მეგობრად, აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. მისი თქმით, ის ვერაფერს იტყვის იმაზე, რაც ამერიკას ეხება.