აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უპილოტო საფრენი აპარატების (დრონებისა) და მათი კომპონენტების იმპორტზე 100%-მდე ოდენობის საბაჟო გადასახადი წესდება.
100%-იანი ტარიფი ვრცელდება იმ დრონებსა და კრიტიკულ კომპონენტებზე, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით "განსაკუთრებით მგრძნობიარედ" მიიჩნევა. კერძოდ, ეს შეეხება 25 კილოგრამზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე და თბომხედველი (თერმოვიზორული) კამერებით აღჭურვილ უპილოტოებს;
25%-იანი ტარიფი დაწესდა უფრო მცირე ზომის დრონებსა და სხვა დამხმარე კომპონენტებზე;
ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნისთვის შედარებით დაბალი ტარიფები განისაზღვრა იმ პირობით, რომ აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგიები აშშ-იდან ან თავად ამ სახელმწიფოებიდან არის წარმოშობილი;
15% – ევროკავშირი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, შვეიცარია და ლიხტენშტაინი;
10% – დიდი ბრიტანეთი.
თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული ზომების მიზანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და უცხოელ მომწოდებლებზე ჭარბი დამოკიდებულების შემცირება, რადგან დრონები თანამედროვე სამხედრო კონფლიქტებისა და თავდაცვითი ოპერაციების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა.
ძირითადი ტარიფები ძალაში ხელმოწერიდან 21 დღეში შევა, ხოლო ნაკლებად მგრძნობიარე კომპონენტებისთვის 180-დღიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა.




