აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდა ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში მომუშავე უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Google, Anthropic, Meta, OpenAI, Nvidia და ილონ მასკის კომპანია xAI, რომელიც წლის დასაწყისში მისსავე კოსმოსურ კომპანია SpaceX-ს შეუერთდა. შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა შეთანხმებას ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე კონტროლის გაძლიერების შესახებ. ტრამპმა დოკუმენტი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა.  

მიღწეული შეთანხმების თანახმად, თითოეულმა კომპანიამ უნდა შექმნას "საიმედო მექანიზმები" საკუთარი AI-მოდელების შესაძლებლობების მონიტორინგისთვის და სწავლებისა თუ დანერგვის ეტაპებზე უსაფრთხოების სტანდარტებთან მათ შესაბამისობაზე, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ბიოლოგიური და ქიმიური უსაფრთხოება. გამოვლენილი რისკები და პრობლემები უნდა აღმოიფხვრას. IT-კომპანიებისგან ასევე მოსალოდნელია დამოუკიდებელ აუდიტორებთან თანამშრომლობა და რეგულარული მონაწილეობა ერთობლივ შეხვედრებში, რომლებიც მიეძღვნება ხელოვნური ინტელექტის სისტემების უსაფრთხოების ამაღლების სტანდარტებისა და მეთოდების შემუშავებას.  

ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმებას აქვს "მორალური ძალა" და იგი არ ექვემდებარება სასამართლო წესით იძულებით აღსრულებას. თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "დროთა განმავლობაში შესაძლოა, წარმოიშვას ამ ზომების კანონებსა თუ ნორმატიულ აქტებში დაფიქსირების აუცილებლობა".