ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი RTL-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ წერილი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის სახელზე იყო გაგზავნილი, ტრამპის თხოვნით ასლები რამდენიმე ქვეყანას გაეგზავნა. წყაროები ადასტურებენ, რომ ნიდერლანდები ამ ქვეყნებს შორისაა, იუწყება RTL Nieuws-ი.
წერილში ტრამპი ნორვეგიას ნობელის მშვიდობის პრემიის არმიღების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამიტომ „აღარ გრძნობს თავს ვალდებულად, მხოლოდ მშვიდობაზე იფიქროს“ და დასძენს:
„მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობა ყოველთვის გაიმარჯვებს, ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის კარგი და სწორი შეერთებული შტატებისთვის“.
ამით, როგორც ჩანს, ტრამპი კიდევ ერთხელ მიანიშნებს დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი გრენლანდიის მიერთებაზე.
„მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, თუ გრენლანდიაზე სრულ და აბსოლუტურ კონტროლს არ მივიღებთ“, - წერს ტრამპი.
ნიდერლანდებმა ცოტა ხნის წინ ტრამპის კეთილგანწყობა დაკარგა. სავარაუდოდ, სწორედ ესაა წერილის გამოგზავნის მიზეზი, წერს ნიდერლანდური მედია და მკითხველს შეახსენებს, რომ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ნიდერლანდებსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყნისთვის ახალი საბაჟო ტარიფების დაწესება დააანონსა გრენლანდიაში დანიის მიერ გამოცხადებულ წვრთნებში მონაწილეობისათვის.
გასულ კვირას ნიდერლანდებმა ორი ჯარისკაცი გაგზავნა გრენლანდიაში. რათა მოემზადებინათ სასწავლო მისიისთვის, რომელიც მოგვიანებით უნდა ჩატარებულიყო. დღეს გამოცხადდა, რომ ჯარისკაცებმა უკვე დაასრულეს თავიანთი სამუშაო გრენლანდიაში.ისინი დღეს დაბრუნდებიან სახლში.
ნიდერლანდების 30 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „დემოკრატები 66-ის“ ლიდერი და მომავალი მთავრობის მეთაური რობ ჯეტენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას ნიდერლანდებისთვის საბაჟო ტარიფების გაზრდის შესახებ, თუ აშშ გრენლანდიას არ მიიღებს, „უპრეცედენტოს“ და „შეუსაბამოს“ უწოდებს.
აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ტარიფები „წარმოუდგენლად დაუსაბუთებელია“, - ამბობს ჯეტენი და დასძენს:
ტრამპის მიმართ რბილი ფორმულირებების გამოყენება საქმეს არ წაადგა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით.
ნიდერლანდელი ექსპერტების თქმით, ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი საბაჟო ტარიფები ცუდი ამბავია ვაჭრობისა და ჰოლანდიური კომპანიების კონკურენტუნარიანობისთვის.
„პროექტები უნდა გადაიდოს ან შეჩერდეს“, - აცხადებენ ისინი.




