ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი“ ავრცელებს.
ტრამპის ადმინისტრაციამ უკან გაიხმო ის სამეცნიერო დასკვნები, რომლებიც დიდი ხანია საფუძვლად უდევს აშშ-ს ქმედებებს სათბურის გაზების ემისიების რეგულირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არის პრეზიდენტის ყველაზე მასშტაბური ნაბიჯი კლიმატის რეგულაციების გაუქმების მიმართულებით.
„ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფედერალურ მთავრობას აღარ აქვს სათბურის გაზების ემისიების რეგულირების უფლებამოსილება.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ამას ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დერეგულაცია უწოდა.
მთავრობამ ექვსი სათბურის გაზი მოსახლეობის ჯანმრთელობის და კეთილდღეობისთვის საზიანოდ აღიარა 2009 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. ტრამპის მიერ განხორციელებული ცვლილებები ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამ სათბურის გაზებს საფრთხედ აღარ მიიჩნევს.
ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ განსაკუთრებული საფრთხის შემცველია შემდეგი სათბურის გაზები:
ნახშირორჟანგი (CO₂)
მეთანი (CH₄)
აზოტის ქვეჟანგი (N₂O)
ჰიდროფტორნახშირბადები (HFCs)
პერფტორნახშირბადები (PFCs)
გოგირდის ჰექსაფტორიდი (SF₆)




