აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება აშშ-ს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ სანქცირებულ ნავთობს გადასცემს, რაც საბაზრო ფასად გაიყიდება. ტრამპის თქმით, გაყიდული ფული ამერიკელ და ვენესუელის "ხალხს სარგებელს მოუტანს".
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცემს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ მაღალი ხარისხის სანქცირებულ ნავთობს. ეს ნავთობი გაიყიდება საბაზრო ფასად და ფულს გავაკონტროლებ მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რათა უზრუნველვყო, რომ ის ვენესუელისა და შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული! ენერგეტიკის მდივანს, კრის ურაითს ვთხოვე აღასრულოს ეს გეგმა დაუყოვნებლივ. ის წამოღებული იქნება გადასაზიდი გემებით და პირდაპირ შეერთებულ შტატებში, პორტებში მოიტანენ გადმოსატვირთად." - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.
პარალელურად თეთრი სახლი ორგანიზაციას უწევს შეხვედრას, რომელიც 9 იანვარს აშშ-ს ნავთობკომპანიების მაღალჩინოსნებს შორის გაიმართება და ვენესუელის ნავთობის საკითხს განიხილავენ.








