შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კოლუმბიის ოლქში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა.

გუშინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, დონალდ ტრამპმა ქვეყნის დედაქალაქში დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული გვარდიის განლაგების და ადგილობრივი პოლიციის ფედერალური კონტროლის ქვეშ მოქცევის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 800 წევრს გაგზავნის და, თუ საჭირო გახდა, იმავეს გააკეთებს ჩიკაგოშიც.

გასულ შაბათ-კვირას სროლა მოხდა და თქვენც ნახეთ ეს. მე დღეს დილით ვნახე. ვნახე, როგორ ეწინააღმდეგებოდნენ... იცით, ეწინააღმდეგებოდნენ მანამ, სანამ არ გააპანღურებდნენ. ეს ერთადერთი ენაა, რაც მათ ესმით. მათ უყვართ, მათ წინ მდგარი ფორმიანი პოლიციელებისთვის სახეში ფურთხება. ისინი დგანან მათგან სანტიმეტრების დაშორებით და სახეში შეჰყვირიან მათ, შემდეგ კი სახეში ფურთხებას იწყებენ. მე ვუთხარი მათ: „უთხარით, რომ თუ ფურთხებას დაიწყებენ, დასცხებთ". ამაზრზენია ეს. სამი თუ ოთხი წელია ვუყურებ ამას. პოლიციას ეუბნებიან: „არავითარ შემთხვევაში არაფერი არ გააკეთოთ“. ისინი იქ დგანან, ხალხი სახეში აფურთხებს და მათ არაფრის გაკეთების უფლება არ აქვთ. მაგრამ ახლა მათ უფლება აქვთ, გააკეთონ ყველაფერი, რაც ჭკუაში მოუვათ, - თქვა ტრამპმა და ანალოგიურ სიტუაციებში საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიციის ქცევის მსგავსად მოქმედებისკენ მოუწოდა.

გასულ კვირას ჩემმა ადმინისტრაციამ ოლქში 500 ფედერალური აგენტის შეყვანა მოითხოვა. მათ შორის გამოძიების ფედერალური ბიუროდან, ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიუროდან, ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროდან, ნაციონალური პარკების პოლიციიდან, მარშალთა სამსახურიდან, საიდუმლო სამსახურიდან და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, - განაცხადა ტრამპმა და განაგრძო:

თქვენ იცით, ბევრ ქვეყანაში მსგავსი არაფერია. მათთან არაა გამოძიების ფედერალური ბიურო, ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო, ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიურო, ნაციონალური პარკების პოლიცია, მარშალთა სამსახური, საიდუმლო სამსახური და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი. მათ ჰყავთ პოლიცია, მაგრამ ის მკაცრი პოლიციაა და ის თავის საქმეს აკეთებს. მათთან არ არის დანაშაული. ჩვენთანაც არ იქნება დანაშაული.