აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია ვაშინგტონმა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თავად უკრაინის მონაწილეობის გარეშე მიიღოს. "მე მას ვეთანხმები. მის გარეშე არაფერს მოვიმოქმედებდი — ის ხომ ამ ქვეყნის მეთაურია, ასე რომ, ამას არ გავაკეთებდი", — თეთრი სახლის ლიდერის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ში NBC-ის ჟურნალისტი გეიბ გუტიერესი ავრცელებს.

გუტიერესმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან ტელეფონით განიხილა მისი ბოლოდროინდელი შეხვედრა ჩინეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. "ვფიქრობ, ეს 12 ბალზე იყო — 0-დან 10-მდე შკალით. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. მოხერხდა არაჩვეულებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება", — უპასუხა ჟურნალისტს ამერიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ შენჯენში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ყურადღების ცენტრში უკრაინა იყო, თუმცა განიხილებოდა ირანის გარშემო არსებული კონფლიქტიც. "ლიდერებს სურთ, რომ ირანის გარშემო შექმნილი ვითარებაც მოგვარდეს და ამას ირანს ყველაზე მტკიცე ფორმით აგებინებენ", — ციტირებს NBC-ის ჟურნალისტი ტრამპის სიტყვებს.

თავად ინტერვიუში, უკრაინაზე საუბრისას, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი განაწყენებული იყო ყირიმის ხიდზე უკრაინის დარტყმებით, რის შედეგადაც მისი კონსტრუქციები ჩამოინგრა. ტრამპმა ასეთ რეაქციას გასაგები უწოდა.