აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ბელარუსისგან პოტაშის შესყიდვის „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობს, რომლის ფასიც კანადაზე „არსებითად ნაკლები“ იქნება. განცხადება მან 21 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე, Truth Social-ზე გააკეთა.
„აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან პოტაშის (კალიუმიანი სასუქების ჯგუფის ზოგადი სახელწოდება) შესყიდვასთან დაკავშირებით. ფასი არსებითად ნაკლები იქნება იმაზე, რასაც ამჟამად კანადას ვუხდით, ძალიან კარგი ამბავი ჩვენი ფერმერებისთვის და მესაქონლეებისთვის“, - დაწერა ტრამპმა.
აშშ პოტაშის აბსოლუტურ უმრავლესობას კანადისგან იღებს. ეს მინერალული სასუქი (თეთრი კრისტალური ნივთიერება - კალიუმის კარბონატი) მცენარის დაავადებების მიმართ გამძლეობას, მოსავლიანობას და ხარისხს ზრდის. მონაცემებით, კანადა აშშ-ში გამოყენებული პოტაშის დაახლოებით 80%-ს აწვდის.
ტრამპის განცხადება კანადასთან გამწვავებული სავაჭრო ომის ფონზე გაკეთდა. პრეზიდენტსა და კანადის პრემიერ მარკ კარნის შორის სავაჭრო დაპირისპირება ზაფხულში გამწვავდა ორმხრივი ტარიფების გამო, რამაც შუალედური არჩევნების წინ განსაკუთრებით დააზარალა ფერმერები.
ანალიტიკოსების თქმით, ბელარუსის ვარიანტს ვაშინგტონი ბერკეტად განიხილავს. 2025 წლის დეკემბერში აშშ-მა ბელარუსს 123 პოლიტპატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ პოტაშზე სანქციები შეუმსუბუქა - გარიგება, რომელიც მაშინ თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.
ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა უკრაინის ომში, ევროპელი ოფიციალური პირები მას „თანამონაწილედ" მოიხსენიებენ.
ტრამპის განცხადების შემდეგ სასუქის მწარმოებელი კომპანიების აქციები დაეცა.
წყარო: Washington Times / Truth Social
მოამზადა რაულ კაპანაძემ




