ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის წარმატებული სამხედრო თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანმა დაუყოვნებლივ უნდა დაამყაროს მშვიდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მომავალი საჰაერო დარტყმები "ბევრად უფრო მასშტაბური" იქნება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს მე შემიძლია, ვაცნობო მსოფლიოს, რომ დარტყმები იყო სანახაობრივი სამხედრო წარმატება. ირანის ურანის ბირთვული გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია. ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელმა ირანმა, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი დარტყმები იქნება ბევრად მასშტაბური და უფრო მარტივი…

ირანისთვის ან მშვიდობა იქნება, ან ტრაგედია - გაცილებით დიდი, ვიდრე ის, რაც ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ჯერ კიდევ ბევრი სამიზნეა დარჩენილი. დღევანდელზე ყველაზე რთული და, შესაძლოა, ყველაზე მომაკვდინებელიც. მაგრამ თუ მშვიდობა სწრაფად არ დამყარდება, ჩვენ სხვა სამიზნეებს სიზუსტით, სისწრაფითა და ოსტატურად გავანადგურებთ. მათი უმეტესობა რამდენიმე წუთში შეიძლება განადგურდეს", - განაცხადა ტრამპმა.