სტამბოლის აზიურ ნაწილში, მალთეფეს რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილობრივი ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ბოლო დაკარგულების ცხედრებიც ამოასვენეს, რის შემდეგაც ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოფიციალურად დასრულდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, კატასტროფა მალთეფეს რაიონში 8 ოქტომბერს, გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩამოინგრა შვიდსართულიანი შენობის ქვედა სართულები. ირკვევა, რომ სახლი თავდაპირველად 5-სართულიანი იყო, მოგვიანებით კი მასზე ორი სართული უკანონოდ დააშენეს.

სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, რომელიც უსაფრთხოების რისკებისა და შენობის დარჩენილი კონსტრუქციის არამდგრადობის გამო მძიმე პირობებში მიმდინარეობდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ცოცხლად გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 3 ბავშვია.

სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, ტერიტორიის სრული უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებული შენობის დარჩენილი ნაწილი უახლოეს პერიოდში მთლიანად დემონტირებული იქნება. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ცნობისთვის, მალთეფეს რაიონში საცხოვრებელი სახლი 8 ოქტომბერს, გამთენიისას, დაახლოებით 04:50 საათზე ჩამოინგრა. თავდაპირველი ინფორმაციით, შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა სამუშაოების გაგრძელებასთან ერთად ნანგრევებში მოყოლილთა რაოდენობა გაიზარდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ