ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მინსკთან ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმების დადებისგან თავის შეკავების შესახებ განაცხადა იმ ფონზე, როდესაც აშშ-მა ბელარუსისგან კალიუმის სასუქების შესყიდვის შესახებ შეთანხმების მომზადება დააანონსა.
"ჩემი გზავნილი ასეთია: ახლა დიქტატორებთან ვაჭრობის დრო არ არის", — განაცხადა ტიხანოვსკაიამ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში DW-სთან ინტერვიუში.
ტიხანოვსკაიამ მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის ძალისხმევა ბელარუსის ციხეებიდან კიდევ 25 პოლიტპატიმრის გათავისუფლების საქმეში და ხაზი გაუსვა: "მნიშვნელოვანია არ დავუშვათ, რომ ჰუმანიტარული მიმართულება პოლიტიკურში გადაიზარდოს, რათა ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარონ, რადგან ხალხი მას მხარს არ უჭერს. ახლა ლუკაშენკოსთან დიალოგში შესვლის დრო არ არის, რადგან ის განდევნილია. ის არა მხოლოდ საკუთარ ხალხს ახშობს, არამედ რუსეთსაც ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში".
ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს ყველა ბელარუსი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის "ჭარბი დათმობები" არ გააკეთოს.
DW-სთან საუბრისას სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ ბელარუსში არსებული სიტუაცია მთელი რეგიონის უსაფრთხოების საკითხია. "ამიტომ, მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროსა და ცალკეულ ქვეყნებს, ყურადღება მიაქციონ ჩვენს რეგიონს: საჭიროა არა მხოლოდ უკრაინის უზრუნველყოფა ყველაფრით, რაც ომში გამარჯვებისთვისაა აუცილებელი, არამედ მხედველობიდან ბელარუსის არდაკარგვაც. უკრაინული კრიზისის გადაჭრისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ბელორუსული ასპექტიც. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა. ლუკაშენკო ჩვენს სუვერენიტეტს რუსეთზე ყიდის და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ბელარუსი".
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა მასშტაბური გარიგება ბელარუსთან პოტაშის (კალიუმის კარბონატი) შესყიდვის შესახებ. "ფასი გაცილებით დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით", — განაცხადა ტრამპმა. მან მზადების პროცესში მყოფ შეთანხმებას ამერიკელი ფერმერებისა და მესაქონლეებისთვის "შესანიშნავი სიახლე" უწოდა.




