ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დახვდა. მანამდე, თეთრ სახლში მივიდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროპელი ლიდერები.
ამ წუთებში დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ოვალურ კაბინეტში მედიისთვის განცხადებებს აკეთებენ.
დღეს გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან. კერძოდ, მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. აშშ-ის მხრიდან აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი.
თარგმანი: პირველი არხი