აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1 ოქტომბერს, ნება დაართო 50 წლის კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯას, რომელსაც სასჯელის ეს ზომა თანაკლასელის განზრახ მკვლელობისთვის მიესაჯა (დანაშაული მან 30 წელზე მეტი ხნის წინ ჩაიდინა). ამით უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ დააკმაყოფილა ტენესის შტატის ციხეებზე პასუხისმგებელი პროკურორის გადაუდებელი შუამდგომლობა და განაჩენის აღსრულების შეჩერება გააუქმა.

კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა შხამიანი ინიექციით 30 სექტემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა პროცესი აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. სასამართლომ ამას "ხანმოკლე გადავადება" უწოდა იმ დრომდე, სანამ ქალის სიკვდილით დასჯის მომხრე და საწინააღმდეგო ყველა არგუმენტი არ განიხილებოდა. თუმცა ახლა განაჩენი უახლოეს მომავალში აღსრულდება, იტყობინება სააგენტო AFP პაიკის ერთ-ერთ ადვოკატზე დაყრდნობით.

1995 წელს 18 წლის კრისტა პაიკმა და მისმა პარტნიორმა, თადარილ შიპმა, პაიკის თანაკლასელი, 19 წლის კოლინ სლემერი მოკლეს. ერთი წლის შემდეგ პაიკი დამნაშავედ ცნეს პირველი ხარისხის მკვლელობაში და სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ხოლო შიპს, რომელიც დანაშაულის ჩადენისას 17 წლის იყო, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებით.

კრისტა პაიკი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა. საქმე რეზონანსული გახდა, რადგან სლემერის ცხედარი მკერდზე პენტაგრამით (რომელიც სატანისტურ სიმბოლოდ ითვლება) იპოვეს.

პაიკის ადვოკატები შეწყალებას ითხოვდნენ, რადგან მან დანაშაული სულ რაღაც 18 წლის ასაკში ჩაიდინა და დედის ქმრების მხრიდან მრავალწლიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც, ფსიქიკური პრობლემებითა და ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა. დამცველების აზრით, პაიკის დაკავება და სამედიცინო ტახტზე დაბმა, განაჩენის აღსრულების პირობებს ეწინააღმდეგება, რაც არღვევს "სასტიკი და უჩვეულო სასჯელის" კონსტიტუციურ აკრძალვას.

სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 1976 წლიდან შეერთებულ შტატებში სულ 18 ქალი დასაჯეს სიკვდილით, მაშინ როცა კაცების რაოდენობა 1663-ს შეადგენს. ქალებიდან უკანასკნელი 2023 წლის დასაწყისში დასაჯეს. თუმცა, უშუალოდ ტენესის შტატში, პაიკის სიკვდილით დასჯა 1820 წლის შემდეგ პირველი უნდა ყოფილიყო.

უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty International და ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი (ACLU), მანამდე მოუწოდებდნენ ტენესის გუბერნატორს, ბილ ლის, ჩარეულიყო და სიკვდილით დასჯის განაჩენი სხვა სასჯელით შეეცვალა. 28 სექტემბერს გუბერნატორმა შეწყალების თხოვნა უარყო.