თელ-ავივის ქუჩებში 100 000-ზე მეტი ადამიანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის გეგმის გასაპროტესტებლად გამოვიდა. იუწყება Reuters

ათასობით მომიტინგე მთავრობისგან მოითხოვდა სამხედრო ოპერაციის დასრულებას და "ჰამასის" მებრძოლების მიერ აყვანილ;ი მძევლების გათავისუფლებას.

ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა, რომელიც მინისტრების მცირე ჯგუფს წარმოადგენს, მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ ღაზის სრული ოკუპაციის შესახებ, მიუხედავად საზოგადოების მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და სამხედროების გაფრთხილებებისა, რომ ამ ნაბიჯს "შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს მილიონობით პალესტინელისთვის და კიდევ უფრო საფრთხე შეუქმნას მძევლების სიცოცხლეს".

"საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ისრაელის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ომის დაუყოვნებლივ დასრულება სურს, რათა უზრუნველყოფილი იყოს 50 მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ღაზაში მებრძოლების ხელში რჩებიან.

ისრაელის მთავრობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მისი უახლოესი ევროპელი მოკავშირეების მხრიდანაც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სამხედრო მოქმედებების ესკალაციის გადაწყვეტილების გამო. მოსალოდნელია, რომ 11 აგვისტოს მთავრობა სრული შემადგენლობით დაამტკიცებს გადაწყვეტილებას", - წერს გამოცემა.

აქციის დროს მომიტინგეებს ხელში ეჭირათ ისრაელის დროშები და  მძევლების ფოტოები. ასევე პლაკატები, რომლებზეც დატანილი იყო  მოწოდებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი, მიიღოს ზომები ნეთანიაჰუს ომის ესკალაციის გეგმების განხორციელების შესაჩერებლად.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან, ისრაელის არმიის მოქმედებების შედეგად,  61 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული.