ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ სომხეთის რესპუბლიკას ახალი სავაჭრო მოდელი შესთავაზა, რომელიც მიზნად ისახავს ირანული ბუნებრივი აირის სომხეთში ექსპორტის გაზრდას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ განაცხადა, ეს უკანასკნელი კი, ირანის ნავთობის მინისტრის, მოჰსენ პაკნეჯადის იმ განცხადებას ეყრდნობა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თეირანში მყოფ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან შეხვედრის დროს გაკეთდა.
ირანული წყაროს ცნობით, პაკნეჯადმა დასძინა, რომ წინადადების განხორციელება მოითხოვს არსებული ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველ შეფასებას და სომხეთის ბაზრის მიღმა გაზის ვაჭრობის გაფართოების მიზანშეწონილობას, სომხეთის რეგიონულ სატრანზიტო დერეფნად გამოყენებით.




