ციურიხის „ლეციგრუნდის“ სტადიონიდან ექვს კილომეტრში დაფიქსირებული სეისმური აქტივობის აფეთქებები ტეილორ სვიფტის გულშემატკივრებმა შვეიცარიაში მისი პირველი კონცერტის დროს გამოიწვიეს.

სამშაბათს საღამოს, „ლეციგრუნდის“ სტადიონზე მიმდინარე კონცერტის დროს, შვეიცარიის სეისმოლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რვა სეისმომეტრმა დააფიქსირა ბიძგები, რომლებიც ექვს კილომეტრამდე მანძილზე გავრცელდა. ამ დროისთვის ციურიხის სტადიონზე 50 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

„როდესაც ბევრი ადამიანი რიტმულად ერთად მოძრაობს, ეს ენერგია, ჰარმონიული რხევების სახით, მიწაში გადადის და შეიძლება ახლომდებარე სეისმომეტრებით დაფიქსირდეს“, - განმარტეს სეისმოლოგიურ სამსახურში.

ყველაზე მაღალი სეისმური მაჩვენებლები საღამოს შვიდი საათის შემდეგ დაფიქსირდა, როდესაც ტეილორ სვიფტი სცენაზე გამოვიდა. მისი თაყვანისმცემლები მომღერალს ენთუზიაზმით შეხვდნენ და ხტუნვითა და ცეკვით შეეგებნენ.

სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ფენომენი სხვა მუსიკალური ჯგუფების გამოსვლებსა და საფეხბურთო მატჩების დროსაც დაფიქსირებულა. „სეისმური მონაცემების გამოყენებით შეუძლებელია ცალსახად დადგინდეს, ტეილორ სვიფტი, სხვა ჯგუფებთან ან ფეხბურთის მატჩებთან შედარებით, უფრო მეტ თუ უფრო ნაკლებად სეისმურ აქტივობას იწვევს“, - აცხადებენ სეისმოლოგიურ სამსახურში.


სვიფტი ამჟამად გასტროლებზე ევროპაში იმყოფება. 17 ივლისიდან კონცერტების სერიას ის გერმანიაში დაიწყებს.

თარგმანი: პირველი არხი