თალიბანის ხელისუფლებამ ავღანეთის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებიდან ქალი ავტორების წიგნები ამოიღო. ჯამში აკრძალვა 680-მდე გამოცემას შეეხო, მათ შორის, ისეთ წიგნებსაც კი, როგორიცაა უსაფრთხოების წესები ქიმიურ ლაბორატორიაში.
ქვეყანაში სახელმძღვანელოების ზედამხედველი კომიტეტი ამტკიცებს, რომ ახალი საგანმანათლებლო რეგულაციით იკრძალება ისეთი მასალის სწავლება, რაც "ისლამურ შარიათს ეწინააღმდეგება". ასეთად ჩაითვალა წიგნები ადამიანის უფლებებზე, ქალების უფლებებზე, სექსუალურ შევიწროებასა და დასავლურ პოლიტიკურ აზროვნებაზე. ამასთან, უნივერსიტეტებს აეკრძალათ 18 სხვადასხვა საგნის სწავლება, მათ შორის ექვსი ასევე ქალებს ეხება: გენდერი და განვითარება, ქალების როლი კომუნიკაციაში, ქალთა სოციოლოგია და სხვა. უმაღლესი განათლების სამინისტრო უნივერსიტეტებისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება "რელიგიურ სწავლულებთან და ექსპერტებთან" კონსულტაციით მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ახალ რეგულაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თალიბანის ბრძანებით, ავღანეთის სულ მცირე 10 პროვინციაში აიკრძალა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტიც "უზნეობის აღსაკვეთად".
თალიბანმა, ნაციონალისტურ-ფუნდამენტალისტურმა მოძრაობამ, რომელსაც არაერთი ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, 2021 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან დღემდე არაერთი დისკრიმინაციული ზომა მიიღო, დიდწილად, ქალების წინააღმდეგ. 2022 წელს მათ ავღანელ ტელეწამყვან ქალებს სახის გამოჩენა აუკრძალეს, მოგვიანებით შეუზღუდეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის უფლებაც. ამასთან, ავღანელ ქალებს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში აქვთ საჯარო სკვერების მონახულების შესაძლებლობა, ხოლო გრძელ გზაზე "მეურვე კაცის" გარეშე გადაადგილება საერთოდ ეკრძალებათ. ორი წლის წინ თალიბანის ბრძანებით ქვეყანაში სილამაზის სალონებიც დაიხურა.




