ტაილანდის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაამტკიცა და გამოაქვეყნა ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა მცირდება.
ახალი წესები, რომლებიც სამეფო გაზეთში გამოქვეყნდა, ძალაში შედის 15 სექტემბრიდან და ის ერთდროულად 60 ქვეყნისა და ტერიტორიის მოქალაქეებს შეეხება.
ახალი რეგულაცია ვრცელდება ათობით ტურისტულად აქტიურ სახელმწიფოზე. სიაში შედის როგორც რუსეთი, ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი და სხვა.
15 სექტემბრიდან, ნაცვლად თავისუფალი 60 დღისა, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს, ტაილანდში უვიზოდ ყოფნა მხოლოდ 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ. საჭიროების შემთხვევაში, ტურისტებს შემდგომში, ადგილზევე შეეძლებათ ვადის ერთჯერადად, კიდევ 30 დღით გახანგრძლივება.
მკაცრდება ე.წ. "ვიზარანების" (Visa run) პრაქტიკაც — უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე უცხოელებისთვის სახმელეთო საბაჟო-სასაზღვრო პუნქტების გავლით ქვეყანაში შესვლა კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ იქნება შესაძლებელი (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საჰაერო გზით შემოსულებზე).
როგორც ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება მიზნად ისახავს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას და იმ უცხოელების კონტროლს, რომლებიც ტურისტულ უვიზო რეჟიმს ქვეყანაში არალეგალურად დასასაქმებლად ან ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებდნენ.




