ბა-რენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 39 წლის მამაკაცს, ხელკეტით ფრანგული საბრძოლო ხელოვნების მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონს, რომელმაც 2022 წელს, სტრასბურგში ყოფილი პარტნიორი გაგუდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ საბოლოო სასჯელი ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი ალტერნატიული ვადის შესაბამისად განსაზღვრა.

ტრაგედია 2022 წლის 9 ივლისს მოხდა. 28 წლის მსხვერპლი, ორორი, საკუთარ ბინაში, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი მისი გაგუდვა გახდა.

თავდაპირველად, სპორტსმენი ბრალს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ იმ საღამოს სახლიდან არ გასულა, რადგან კორონავირუსით იყო ავად. ეს ყალბი ალიბი თავიდან მისმა ახალმა პარტნიორმაც დაუდასტურა, რომელიც მასზე 14 წლით უმცროსია და საკუთარ სპორტულ კლუბში გაიცნო. 

თუმცა, შემთხვევის ადგილზე, კერძოდ მსხვერპლის ზურგჩანთასა და მაისურზე, სპორტსმენის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.

საბოლოოდ ბრალდებულმა აღიარა, რომ ექს-პარტნიორთან მათი საერთო შვილის აღზრდის საკითხზე სალაპარაკოდ მივიდა. მისი ვერსიით, საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა, ქალი მას პედოფილიაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა, ძლიერი დარტყმა მიაყენა და გაგუდა. 

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მან ცხედარი აბაზანაში გადაიტანა, რათა მომხდარი უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა. სახლში დაბრუნებულმა კი ქალს რამდენიმე მესიჯი გაუგზავნა, თითქოს არაფერი მომხდარა.

სასამართლომ მკვლელობაში მსჯავრდებულის 25 წლის მეგობარ ქალს, ყალბი ჩვენების მიცემისთვის, ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. დაცვის მხარე მის სრულ გამართლებას ითხოვდა, რათა ქალს შვილის გაზრდის შესაძლებლობა ჰქონოდა, რომელიც მამის დაკავების შემდეგ დაიბადა და მამა საერთოდ არ უნახავს.

რაც შეეხება მკვლელობის მსხვერპლისა და მსჯავრდებულის საერთო 8 წლის გოგონას, რომელიც ამჟამად მამის მშობლების (ბებია-ბაბუის) მზრუნველობის ქვეშ იმყოფება, სასამართლომ მამას მშობლის უფლებები მხოლოდ ნაწილობრივ ჩამოართვა. მას ციხეში შვილთან შეხვედრისა და მიმოწერის უფლება დაუტოვა. 

სასამართლოს თავმჯდომარის, სტეფანი ისენლორის განცხადებით, ბავშვისთვის მამასთან კავშირის რადიკალური გაწყვეტა ზედმეტად ტრავმული იქნებოდა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებდა.

პროცესის დასასრულს მსჯავრდებულმა ტირილით ითხოვა შენდობა და განაცხადა, რომ თავის გამართლებას არ აპირებს.