სტრასბურგში, ევროპარლამენტის ერთ-ერთ ფლიგელში დონალდ ტრამპის ქანდაკება გამოფინეს.
დანიელი არტისტის, იენს გალშიოტის მიერ შექმნილი სკულპტურა 2.5 მეტრის სიმაღლისაა და ცალ ხელში მართლმსაჯულების სასწორი, მეორეში კი გოლფის ჯოხი უკავია. იქვეა გოლფის ბურთიც, რომელსაც გლობუსის ფორმა აქვს. პედესტალზე კი ვკითხულობთ – ნარინჯისფერი ჭირი.
„ზურგზე ვაზივარ კაცს. ის ჩემი ტვირთის ქვეშ ისრისება. ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად. მისი ზურგიდან ჩამოსვლის გარდა“, – წერია პედესტალზე.
„ტრამპი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წესებზე დაფუძნებული მსოფლიოსთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთო ძალისხმევისთვის, გადაიჭრას კლიმატური კრიზისი. ჩვენ ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ და ერთად დავდგეთ ასეთი დესტრუქციული გავლენის წინააღმდეგ“, – განაცხადა ქანდაკების ავტორმა, იენს გალშიოტმა.
არტისტის განმარტებით, სკულპტურა 23-კარატიანი ოქროს ფურცლებით არის მოოქროვილი და შთაგონებულია ჰანს კრისტიან ანდერსენის ცნობილი ზღაპრის „იმპერატორის ახალი ტანსაცმლის“ ისტორიით.
სკულპტურა ევროპარლამენტის შენობაში 8 ოქტომბრამდე დარჩება.










