ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა წარმატებით განახორციელა რაკეტა-მატარებლის მეათე გაშვება კოსმოსური ხომალდ Starship-ის ყველაზე დიდი პროტოტიპით. პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა სოციალურ ქსელ X-ში. SpaceX-ში განაცხადეს, რომ "ყოველი ძირითადი მიზანი მიღწეულია", ხოლო ფრენა გახდა "მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ მსოფლიოში პირველი სრულად მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა-მატარებლის შემუშავებაში".
Starship-ის გასაშვებად გამოყენებული იქნა რაკეტის ამაჩქარებელი Super Heavy, რომელიც ასევე ილონ მასკის კომპანიამ შეიმუშავა. ის გამოეყო ხომალდს და, გეგმის მიხედვით, ფრენა მექსიკის ყურეში დაასრულა.
Starship-ის მისია საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. ხომალდმა ორბიტაზე Starlink-ის თანამგზავრების რამდენიმე სიმულატორი განათავსა, შემდეგ კი, ინდოეთის ოკეანეში კონტროლირებადი დაშვება განახორციელა.
Starship-ის წყალზე დაშვების დროს აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ეს შედეგი თავიდანვე იყო ნაგულისხმევი - ტესტის მიზანი პროტოტიპის შენარჩუნება კი არა, ვერტიკალური დაშვებისთვის მისი გადაადგილება იყო. ეს მიზანი მიღწეულია, ნათქვამია SpaceX-ის განცხადებაში.
Starship-ის სიმაღლე Super Heavy-სთან ერთად არის 123 მეტრი - ეს არის ყველაზე დიდი და მძლავრი კოსმოსური რაკეტა არა მხოლოდ SpaceX-ის ქმნილებებს შორის, არამედ ზოგადად, ისტორიაში. SpaceX აპირებს Starship-ი გახადოს მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი, რომელიც მნიშვნელოვნად დაზოგავს კოსმოსური ფრენების ხარჯებს.
SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ადრე განაცხადა, რომ 2026 წელს Starship-ი მარსზე გაფრენას შეძლებს, ხოლო აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის სააგენტო (NASA) მის გამოყენებას მთვარის პილოტირებული მისიებისთვის აპირებდა. ხომალდის საცდელი გაშვებები 2023 წლიდან ტარდება - წინა ცხრიდან მხოლოდ ორი იყო სრულად წარმატებული. Starship-ის ოთხი ფრენა რაკეტა-მატარებლის აფეთქებით დასრულდა.
თავდაპირველად Starship-ის მეათე გაშვება 24 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი. სტარტამდე რამდენიმე საათით ადრე ის გადაიდო. გაუქმების მიზეზი სახმელეთო სისტემებში ტექნიკური ხარვეზები გახდა.




