ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას, პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ესტუმრა.
ასტანას აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი დახვდა.
ყაზახური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 21 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე არაერთი შეხვედრა. ვიზიტის პროგრამით ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებზე განხილული იქნება ყაზახეთსა და სომხეთს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.
სომხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასტანაში მესროპ მაშტოცის ქუჩის საზეიმო გახსნა იგეგმება. გასულ წელს, ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის, სომხეთში ვიზიტის დროს აღინიშნა, რომ ურთიერთშეთანხმების პრინციპის საფუძველზე, ასტანაში ქუჩებისა და პარკებისთვის სომხური ანბანის ავტორის, მესროპ მაშტოცის, ხოლო ერევანში ყაზახი პოეტისა და ყაზახური ლიტერატურის ფუძემდებლის, აბაი კუნანბაევის სახელის მინიჭებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის აპრილში, ერევნის უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ავანის რაიონში, ალმათის ქუჩასთან მდებარე პარკს ყაზახური ლიტერატურის ფუძემდებლის, აბაი კუნანბაევის სახელი მიენიჭა.




