ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ცენტრში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი დაიწყეს.

სოფიის ხელისუფლება აცხადებს, რომ კომპოზიციის რესტავრაცია განხორციელდება და ის ხელოვნების მუზეუმში განთავსდება.

დემონტაჟის გამოცხადების შემდეგ ძეგლის გარშემო რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და გააპროტესტა გადაწყვეტილება. თუმცა ადგილზე ასევე მივიდნენ დემონტაჟის მხარდამჭერებიც. მობილიზებული იყო პოლიცია.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა მცირე ხნით გადაკეტეს და რუსეთის და ბულგარეთის დროშები აფრიალეს. მათთან ერთად იყვნენ რამდენიმე პრორუსული პარტიის წარმომადგენლებიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟს "ბულგარული მხარის ბარბაროსული ქმედებები" უწოდა.

საბჭოთა არმიის ძეგლი დაიდგა ათი წლის შემდეგ, რაც წითელი არმია მეორე მსოფლიო ომის ბოლოს შეიჭრა ბულგარეთში.